English / ქართული / русский /
ლია დვალიშვილი
სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე ტენდენციები

ანოტაცია

სტატიაში აღნიშნულია, რომ წარმოების სტრუქტურა მუდმივად იცვლება სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გავლენის გამო. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე ეტაპი კი განაპირობა სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ, რომელიც, წარმოებასთან ერთად, სხვადასხვა დარგებს მოიცავს; ნაჩვენებია, რომ სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის პირობებში ქვეყნების კონკურენტუნარიანობის გადამწყვეტი ფაქტორი ხდება მათი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი და საინფორმაციო რესურსები. მიმოხილულია თანამედროვე ეკონომიკური განვითარების ფაქტორები − ტექნოლოგიები და ეკონომიკური ზრდის წყაროები − გამოგონებები და ნოვაციები; მითითებულია სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის ძირითადი მიმართულებების შესახებ; გამოკვეთილია ის სფეროები, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევები.

საკვანძო სიტყვები: სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, ცოდნის ეკონომიკა, ეკონომიკის გლობალიზაცია, ტექნოლოგიური რღვევა, შრომის დანაწილება, მაღალტექნოლოგიური დარგი.

შესავალი

დღის წესრიგში დგას ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განვითარება. სწორედ ამ მიზნით ხდება წარმოების ტექნიკურად პროგრესული მეთოდების შემუშავება და დანერგვა.

თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის შინაარსი ისაა, რომ მეცნიერება უშუალოდ საწარმოო ძალად გარდაიქმნა, ხოლო სამეცნიერო-ტექნიკური და საინფორმაციო პოტენციალი კონკურენტუნარიანობის გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.

თანამედროვე ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორებია ტექნოლოგიები, ხოლო ეკონომიკური ზრდის წყაროები − გამოგონებები და ნოვაციები. ინოვაციები საზოგადოების სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის რეალიზებაზეა მიმართული და მეცნიერებისა და ტექნიკის ეკონომიკურ გავლენას ახასიათებს. ტექნოლოგიური ცვლილების მიზანი კი ტექნოლოგიური პროგრესია − რესურსების უცვლელი ხარჯების პირობებში გამოშვებების ზრდა. ტექნოლოგიური ინოვაციის საფუძველია სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის ძირითად მიმართულებებს მიეკუთვნება წარმოების, კონტროლის და მართვის კომპლექსური ავტომატიზაცია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საფუძველზე.

სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია ყველაზე მეტად გამოვლინდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნანოტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგიები და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

X  X  X

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი შრომის დანაწილების გაღრმავების ერთ-ერთ ფაქტორად გვევლინება. შრომის დანაწილება ეკონომიკური პროგრესის უმნიშვნელოვანესი კანონზომიერებაა. შრომის დანაწილების გაღრმავება შრომის მწარმოებლურობის და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების ზრდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. იგი განაპირობებს ახალი პროდუქტების და დარგების წარმოშობას, ხოლო ბაზრების გაფართოება აიოლებს მწარმოებლებს შორის პროდუქტების გაცვლას და ხელს უწყობს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

მსოფლიო მეურნეობა ინარჩუნებს თავის მთლიანობას და ეყრდნობა შრომის საერთაშორისო დანაწილებას, რომელიც საწარმოო კოოპერაციის მეშვეობით უზრუნველყოფს ცალკეული დარგების ურთიერთკავშირს და ეკონომიკური საქმიანობის უწყვეტ ჯაჭვს - დაწყებული პირველადი სექტორით, რომელიც ნედლეულით ამარაგებს თანამედროვე ეკონომიკას საბოლოო პროდუქციის შესაქმნელად. სამრეწველო გადატრიალებამდე (XVIII საუკუნის დამლევი − XIX საუკუნის პირველი ნახევარი) შრომის საერთაშორისო დანაწილება ეფუძნებოდა იმას, თუ როგორი იყო ბუნებრივი რესურსები: კლიმატი, ნიადაგები, წყალი, ტყის რესურსები და ა.შ. შემდეგ ძლიერდება სპეციალიზაცია, რომელიც ეფუძნება ქვეყნების მიხედვით წარმოების ცალკეულ ფაქტორებს (კაპიტალი, შრომა, სამეწარმეო უნარი, ცოდნა) შორის არსებულ განსხვავებას. სწორედ ეს განსაზღვრავს უმეტესწილად დღეს მსოფლიო ბაზრისათვის რა სახის საქონლის და მომსახურების წარმოებაზეა სპეციალიზებული ქვეყანა.

წარმოების სტრუქტურა მუდმივად იცვლება სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გავლენის გამო. თანამედროვე მსოფლიო მეურნეობაში ხდება სტრუქტურული ცვლილებები, რაც ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დამყარებული დარგების ზრდასთან არის დაკავშირებული: იზრდება გადამამუშავებელი მრეწველობის მაღალტექნოლოგიური და მეცნიერებატევადი დარგების და მომსახურების სფეროს, პირველ რიგში − საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წილი. სწორედ საერთაშორისო შრომის დანაწილების გაღრმავებამ წარმოების ფრაგმენტაციის ფორმით, განაპირობა მრავალეროვნული საწარმოების მიერ ბიზნესის წარმოების ახალი მეთოდების გამოყენების ზრდა. შრომის საერთაშორისო დანაწილება ყალიბდება ცოდნასა და კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, კაპიტალზე, ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე.

აღნიშნულ თემაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით გლობალიზაციის ფენომენს, რადგან გლობალიზაციამ მოიცვა კაცობრიობის ცხოვრების ყველა სფერო. თუმცა გლობალიზაციის ეკონომიკური უპირატესობა აშკარაა. მეცნიერების და ტექნიკის სწრაფმა პროგრესმა, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო დანახარჯთა შემცირებამ, აგრეთვე საერთაშორისო შეთანხმებათა განვითარებამ განაპირობა ვაჭრობის, ფინანსების და ინვესტიციების ინტერნაციონალიზაციის ზრდა; გლობალიზაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წარმოების მწარმოებლური ფაქტორების ზრდაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის მატებასა და შესაძლებლობათა გაფართოებაში. გლობალიზაცია განიხილება როგორც პროცესი, რომელიც ქმნის სასურველ წანამძღვრებს კაპიტალის მობილობის ზრდისათვის, ტექნოლოგიური ინოვაციების სწრაფად გავრცელებისა და ეროვნული ბაზრების მზარდი ურთიერთდამოკიდებულების და ერთგვაროვნებისათვის. ეკონომიკის გლობალიზაცია − ესაა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარების საფუძველზე ეკონომიკური ინტეგრაციის ზრდის პროცესი და საინფორმაციო საზოგადოებაზე გადასვლა, აგრეთვე საერთაშორისო ვაჭრობის და კაპიტალის მოძრაობის დარეგულირება და ლიბერალიზაცია. ეს ისტორიული პროცესია, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების და ნოვატორობის შედეგი.

ეკონომიკის გლობალიზაცია ვლინდება სხვადასხვა პროცესებში. მათ შორისაა ცოდნისა და ტექნოლოგიების გლობალური გავრცელება. დღეს ჭეშმარიტ კეთილდღეობას ის ქვეყნები და ის კომპანიები აღწევენ, რომლებიც სწრაფად აღიქვამენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და ითვალისწინებენ გლობალიზაციის მოთხოვნებს, რაც, უპირველეს ყოვლისა, მწარმოებლებისაგან ახლებურ აზროვნებასა და ინფორმაციის ყველა დონეზე გაფილტვრას უკავშირდება. ცნობილია, რომ ტექნოლოგიამ და მისმა გადაადგილებამ ქვეყნებს შორის გამოაცოცხლა მთელი რიგი თეორიული მოდელები. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შევეხოთ რამდენიმე მათგანს.

ერთიანი ინდუსტრიული საზოგადოების თეორიის ერთ-ერთი ავტორის, ფრანგი ელიულის აზრით, ტექნიკური პროგრესი ცვლის არა მარტო ეკონომიკური კანონების გამოყენებას, არამედ თავად კანონების არსსაც: უქმდება საკუთრების წამყვანი როლი, ეკონომიკური ძალაუფლება გადადის მსხვილ კორპორაციათა ხელში, სახელმწიფოს მეშვეობით ისპობა სიმდიდრისა და სიღატაკის პოლუსები (5, გვ. 81). 

მსოფლიო ეკონომიკის თეორიებს შორის ცალკე კლასად გამოყოფილი ნაწილობრივი ტექნოლოგიურ-ფაქტორული თეორიის ავტორები გამოყოფენ რომელიმე ერთ, ჩვეულებრივი ტექნოლოგიური ან ბუნებრივი განვითარების ელემენტს, რომლის გამოყენებასაც სთავაზობენ მსოფლიო ეკონომიკური განვითარების მამოძრავებლად. ერთ-ერთი ტექნოლოგიური თეორიის მიხედვით, კაცობრიობის ევოლუციის აღწერილი შვიდი სტადიიდან თითოეული უკავშირდებოდა განსაზღვრულ ტექნოლოგიურ ინოვაციას − ცეცხლის დაუფლებას, მშვილდ ისრის გამოგონებას და ა.შ. წმინდა ტექნოლოგიური მიდგომის გაგრძელება გახდა ენერგეტიკული თეორია, რომელმაც კაცობრიობის ეკონომიკური განვითარება დაუკავშირა ენერგიის ახალი ფორმების ათვისებას: სხვადასხვა მოდიფიკაციაში არსებობს ბუნებრივი ფაქტორების თეორია, რომელიც ეკონომიკური სისტემების გენეზისს და ევოლუციას ხსნის არსებული ბუნებრივ-კლიმატური რესურსებით. ამ თეორიებში ერის ტექნოლოგიური და კულტურული განვითარება აიხსნება მისი გეოგრაფიული მდებარეობით, კლიმატური თავისებურებებით და სანაპირო რელიეფითაც კი. მალთუსიდან დაწყებული ყველა მეცნიერი ცდილობდა ეკონომიკური განვითარების ახსნას დემოგრაფიული ფაქტორებით. რუსი მეცნიერი მ. კლუჩევსკი ამტკიცებდა, რომ ქვეყნის მოსახლეობა − ეს საერთოდ ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია. დემოგრაფიულ თეორიებს ემიჯნება თეორიები, რომლებიც განვითარებას ხსნიან აგრარული ტექნოლოგიების სრულყოფითა და სასურსათო რესურსების შესაბამისი ზრდით.

მთელ რიგ თეორიებს სხვადსხვა ვარიანტში წინა პლანზე გამოაქვს საკომუნიკაციო-საინფორმაციო ფაქტორები. ლ. მეჩნიკოვმა განვითარების ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად შემოგვთავაზა საწყალოსნო მიმოსვლის გზები. თანდათან ტრანსპორტის ფაქტორიდან პირველობა გადავიდა კავშირგაბმულობის ტექნოლოგიებზე. იქმნება სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ევოლუციის ჯაჭვი: გზები, რკინიგზა, ტრანსპორტი, ფოსტა, თვითმფრინავი, ტელეგრაფი, ტელეტაიპი, ტელეფაქსი, ელექტრონული ქსელი. XX საუკუნის ბოლოს გაბატონდა ინფორმაციული ფაქტორის თეორია. ბევრი მეცნიერი საზოგადოების განვითარებას ხსნის საინფორმაციო ტექნოლოგიების სრულყოფით ჩვეულებრივი ადამიანის საკომუნიკაციო ენის გაჩენიდან საბეჭდ დაზგამდე და შემდეგ კომპიუტერამდე, ინტერნეტამდე. აუცილებლად უნდა შევეხოთ ფინანსურ თეორიებსაც, რომლებიც აფუძნებს კაცობრიობის საყოველთაო განვითარებას ფინანსურ ტექნოლოგიებზე, პირველი გადამცვლელებიდან თანამედროვე კომპიუტერულ ბანკინგამდე.

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე ეტაპი განპირობებული იყო სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციით, რომელიც, წარმოებასთან ერთად, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, კავშირგაბმულობას, მედიცინას, განათლებას, საოჯახო მეურნეობებს მოიცავს. თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის შინაარსი კი იმაშია, რომ მეცნიერება უშუალოდ საწარმოო ძალად გარდაიქმნება, ხოლო სამეცნიერო-ტექნიკური და საინფორმაციო პოტენციალი კონკურენტუნარიანობის გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.

საწარმოო ძალების საფუძვლიანი, ძირფესვიანი გარდაქმნა იმის გამო მოხდა, რომ, როგორც აღინიშნა, მეცნიერება საზოგადოებრივი წარმოების განვითარების ფაქტორად და უშუალოდ საწარმოო ძალად იქცა. ეს პროცესი დაიწყო XX საუკუნის შუა წლებში, შესამჩნევად აჩქარებდა სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს და გავლენას ახდენდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია წარმოიშვა უდიდესი სამეცნიერო და ტექნიკური აღმოჩენების გავლენის, მეცნიერების, ტექნიკის და წარმოების ურთიერთქმედების ზრდის შედეგად. თავის მხრივ, მან გაზრდილი მოთხოვნები დააყენა მუშაკთა განათლების, კვალიფიკაციის, კულტურის, ორგანიზებულობის მიმართ.

სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის ძირითად მიმართულებებს მიეკუთვნება წარმოების, კონტროლის და მართვის კომპლექსური ავტომატიზაცია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საფუძველზე: ენერგიის ახალი სახეობების შექმნა და გამოყენება; სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია ყველაზე მეტად გამოვლინდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ნანოტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგიები და საინფორმაციო ტექნოლოგიები. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის პირობებში ქვეყნების კონკურენტუნარიანობის გადამწყვეტიფაქტორი ხდება მათი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი და საინფორმაციო რესურსები. ქვეყანას სამეცნიერო-ტექნიკური განვითარებისათვის უნდა გააჩნდეს სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი ანუ ფინანსური, ეკონომიკური და სულიერი რესურსების ერთობლიობა. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მრავალწახნაგოვან ბუნებას და შინაარსს ახასიათებს ცოდნის ეკონომიკაზე მიმართული ადამიანური და ფინანსური რესურსები; ინოვაციები და ტექნოლოგიები; მეცნიერების და ტექნოლოგიების სოციალური გავლენა და მათი აღქმა საზოგადოების მიერ; ბიბლომეტრიული მაჩვენებლები; სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო ორგანიზაციების მუშაობის მახასიათებელი მაჩვენებლები; საპატენტო სტატისტიკა და კავშირები დარგობრივ, საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო კვლევით ცენტრებს შორის; უმაღლესი განათლების და ინფორმაციული საზოგადოების სტატისტიკა. ამ პროგრესის ძირითადი ელემენტებია სამეცნიერო-ტექნიკური და საინჟინრო-ტექნიკური კადრები, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, ფინანსური რესურსები და მატერიალურ-ლაბორატორიული ბაზა. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საფუძველია ცოდნის ზრდა.

დღის წესრიგში დგას ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განვითარება. საწარმოო ფაქტორების ეფექტური გამოყენება ნიშნავს მათი მწარმოებლურობის და პროდუქციის გამოშვებაში ჩადებული წილის მაქსიმიზაციას. სწორედ ამ მიზნით ხდება წარმოების ტექნიკურად პროგრესული მეთოდების შემუშავება და დანერგვა. თანამედროვე ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორები არის ტექნოლოგიები − ცოდნის ნაკრები იმის შესახებ, თუ როგორ ვაწარმოოთ პროდუქცია ნედლეულის დამუშავების მეთოდებისა და პროდუქციის წარმოების ჩათვლით, ხოლო ეკონომიკური ზრდის წყაროები − გამოგონებები და ნოვაციები. ისინი სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის განვითარების ორ ასპექტს წარმოადგენენ: გამოგონებების შედეგი ახალი ცოდნაა, ნოვაციები კი − არსებული ცოდნის გამოყენების მეთოდების სრულყოფა. ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები რომ დიდ გამოგონებებთანაა დაკავშირებული. ინოვაციები საზოგადოების სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის რეალიზებაზეა მიმართული და მეცნიერების და ტექნიკის ეკონომიკურ გავლენას ახასიათებს.

სამეცნიერო აღმოჩენა − ახალი მიღწევა ბუნების და საზოგადოების შემეცნების პროცესში, ობიექტურად არსებული მატერიალური სამყაროს ადრე უცნობი კანონზომიერებების, თვისებების და მოვლენების დადგენა შემეცნების დროს ფუძემდებლურ ცვლილებებს იწვევს. გამოგონება − ტექნიკური ამოცანის ახალი და მნიშვნელოვნად განსხვავებული გადაწყვეტა სახალხო მეურნეობის, სოციალურ-კულტურული მშენებლობის ან თავდაცვის ნებისმიერ დარგში, დადებით სამეურნეო ეფექტს იწვევს.

თანამედროვე მსოფლიო მეურნეობაში სწრაფი ტემპებით იზრდება ცოდნის ეკონომიკა. აქ თავმოყრილია ადამიანური, ინტელექტუალური და ფინანსური რესურსები. ცოდნის ეკონომიკის ადამიანურ რესურსებს წარმოადგენს ცოდნის და ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნაში მონაწილე პროფესიონალი მკვლევარები, საინჟინრო-ტექნიკური და დამხმარე მუშაკები. 2007 წელს, მკვლევართა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა აშშ-მ (1425.6 ათ. ადამიანი), მეორე ადგილი ჩინეთმა (1423.4 ათ. ადამიანი), მესამე - იაპონიამ (710 ათ. ადამიანი), მეოთხე - რუსეთმა (469 ათ. ადამიანი). განვითარებულ ქვეყნებში სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებულია მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში. საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებში პროფესიული და ტექნიკური მუშაკების რიცხვი მთელი დასაქმების 20-35%-ს შეადგენს (3, გვ. 253). ცოდნის თანამედროვე ეკონომიკა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს იზიდავს.

2000 წელს საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებში ცოდნაში ინვესტიციებმა მშპ-ს 4.8%-ს მიაღწია. ცოდნაში ინვესტიციების ყველაზე მაღალი დონე არის შვედეთში (7.2%), აშშ-ში (6.8%) და ფინეთში (6.2%), ხოლო ცენტრალური ევროპის ქვეყნებსა და მექსიკაში მათი ოდენობა მშპ-ს 2.5%-ზე ნაკლებია (3, გვ. 252).

გლობალური ეკონომიკის საქმიანობის საკვანძო მიმართულება გახდა სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების ინტერნაციონალიზაცია. სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა აშშ; 2000 წელს მის წილად მთელი ხარჯების 37.2% მოდიოდა. მეორე ადგილს აზია იკავებს, მის წილად კვლევა-ძიებაზე მიმართული მსოფლიო ხარჯების 30% მოდის. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კვლევა-ძიებებში მნიშვნელოვან როლს, როგორც მოცულობის, ასევე დაფინანსების თვალსაზრისით, ასრულებს საქმიანი სექტორი. საქმიანი სექტორის სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო სამუშაოებში მცირე და საშუალო ბიზნესს საკმაოდ დიდი წილი აქვს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: იტალია (65%), ნორვეგია (48%), საბერძნეთი და ირლანდია (60%). ევროკავშირში მისი წილი მხოლოდ ¼-ს შეადგენს, ხოლო აშშ-ში 15%-ზე ნაკლებს. ყველაზე მცირე მაჩვენებელია იაპონიაში (7%) (3, გვ. 269).

სამეცნიერო-ტექნიკურ და საინფორმაციო სფეროებში განვითარებული ქვეყნები ლიდერობენ, ხოლო ინდუსტრიული ქვეყნები მნიშვნელოვან რესურსებს მიმართავენ ცოდნის ეკონომიკაში.

ინოვაციურ საქმიანობაში მსხვილი საწარმოების და მცირე ბიზნესის აქტიურობა განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში. მეწარმეობის წარმატების გარანტი ამ საწარმოთა სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური საიდუმლოს დაცვაა. ამასთან ერთად, იგი მეწამეობის საიდუმლოების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაცაა. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ დღეს ტექნოლოგიური ბუმი ტრაექტორიას უცვლის მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას და უდიდესი პოზიტივი შეაქვს მასში. ცოდნის საყოველთაო და უნივერსალური ხასიათის მიუხედავად, თანამედროვე მსოფლიო მეურნეობაში ის არათანაბრადაა განაწილებული. არსებობს უზარმაზარი ტექნოლოგიური რღვევა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის, ანუ სუსტად განვითარებული ქვეყნების ჩამორჩენა მოწინავე ქვეყნებისაგან როგორც მთლიანად ტექნიკის და ტექნოლოგიის, ასევე ცალკეული მიმართულებების მხრივ. ტექნოლოგიური განვითარების მიზანი ტექნოლოგიური პროგრესია − რესურსების უცვლელი ხარჯების პირობებში გამოშვებების ზრდა. ტექნოლოგიური განვითარების უმაღლეს − ინოვაციურ საფეხურზე საწარმო, როგორც ტექნოლოგიური ლიდერი გეგმავს, ამუშავებს და გამოცდის აბსოლუტურად ახალ პროდუქტებს და პროცესებს, ქმნის ახალ ტექნოლოგიებს. თანამედროვე ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებს არა მხოლოდ ტექნოლოგიური, ე.ი. პროდუქტებისა და პროცესების ინოვაციები, არამედ არატექნოლოგიური ინოვაციების მნიშვნელობაც შესამჩნევად იზრდება. ტექნოლოგიური ინოვაციის საფუძველი გახდა სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია. თანამედროვე მსოფლიო მეურნეობაში აშკარად შესამჩნევი გახდა ამ საქმიანობის ზრდა. ინოვაცია და ტექნოლოგიური პროგრესი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისათვის, საზოგადოების განვითარებისათვის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის. ქვეყნის ზრდისა და განვითარების გარდა, ამ სფეროების სტაგნაციას დიდი გავლენა აქვს ინდივიდთა ცხოვრებისეულ გეგმებსა და მიზნებზე. ინოვაციურმა პროგრესმა მძლავრი ბიძგი მისცა კრეატიული პოტენციალის ყოველმხრივ განვითარებას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და საზოგადოებრივი სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას.

დღესდღეობით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გრძელვადიან პერსპექტივებს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობაში უკავშირებენ ინოვაციებს. დღეს მეცნიერება და ინოვაცია ქმნის ერთიან გლობალურ კომპლექსს, რომელშიც ახალი იდეები და აღმოჩენები, მიუხედავად შეზღუდვებისა და აკრძალვებისა, საკმაოდ სწრაფად ხდება მსოფლიო მეცნიერების კუთვნილება და საყოველთაო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გაძლიერების ფაქტორი.

უდავოა, რომ ადამიანთა საზოგადოების საქმიანობა, რომელიც წარმოების მოცულობაზეა მიმართული, ძლიერ გავლენას ახდენს ბუნებაზე და არახელსაყრელ ეკოლოგიურ შედეგებს იწვევს − ერთი მხრივ, რესურსების ამოწურვას და, მეორე მხრივ, ბუნებრივი გარემოს გაუარესებას. ინდუსტრიული საზოგადოება მოიხმარს დიდი რაოდენობით განახლებად და არაგანახლებად ბუნებრივ რესურსებს და მნიშვნელოვან ანთროპოგენურ გავლენას ახდენს გარემოზე. აქედან გამომდინარე, ადამიანმა თავისი გამომგონებლობა და ტექნოლოგიები უნდა მიმართოს დედამიწის სასიცოცხლო სისტემების უსასრულოდ სამართავად ადამიანთა კეთილდღეობისათვის.

ეკონომიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობასთან ერთად, საზოგადოება და ბიზნესი ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას იღებს მომავალი თაობების წინაშე. მდგრადი განვითარების საზოგადოება „დღევანდელი მოთხოვნების დაკმაყოფილებით ეჭვქვეშ არ აყენებს მომავალ თაობათა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას“. სწორედ ამიტომ, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ხარისხობრივად ახალი მიმართულება გახდა ეკოლოგიურად სუფთა, ტექნიკურად უსაფრთხო ტექნოლოგიების ფართო გამოყენება. ინოვაციური საქმიანობის სწორედ ამ სფეროში, როგორც არსად, საჭიროა სახელმწიფოს მუდმივად ორგანიზებული და ხელმძღვანელი საქმიანობა, ვინაიდან არასრულყოფილად ჩატარებული კვლევები და ასეთივე ტექნოლოგიების გამოყენება შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. უნდა ითქვას, რომ დღეისათვის, პირველ რიგში, მთავარი ამოცანაა არა მარტო „მეცნიერება-ტექნიკა-წარმოება“ ციკლის მუშაკთა ჯანმრთელობის შენარჩუნება და გადიდება, არამედ მთელი საზოგადოებისათვის იმავეს განხორციელება.

დასკვნა

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი შრომის საერთაშორისო დანაწილების გაღრმავების ფაქტორად გვევლინება. შრომი დანაწილება მიმდინარეობს არა მარტო ქვეყნებს შიგნით, არამედ მსოფლიო მეურნეობის დონეზეც.მსოფლიო მეურნეობა მოიცავს ქვეყნების ურთიერთქმედებას და მათ ურთიერთდამოკიდებულებას არა მარტო მიმოქცევის, არამედ წარმოების სფეროშიც.

სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის პირობებში ქვეყნების კონკურენტუნარიანობის გადამწყვეტი ფაქტორი ხდბა მათი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი და საინფორმაციო რესურსები. თანამედროვე მსოფლიო მეურნეობაში სწრაფი ტემპებით იზრდება ცოდნის ეკონომიკა. აქ თავმოყრილია ადამიანური, ინტელექტუალური და ფინანსური რესურსები.სამეცნიერო-ტექნიკურ და საინფორმაციო სფეროებში განვითარებული ქვეყნები ლიდერობენ. ახალი ინდუსტრიული ქვეყნები მნიშვნელოვან რესურსებს მიმართავენ ცოდნის ეკონომიკაში. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინფორმაციული საზოგადოების განვითარების უთანასწორობის შედეგად მსოფლიო ეკონომიკაში გაჩნდა „ციფრული წყვეტა“, რაც ცალკეული ქვეყნებისა და მოსახლეობის ზოგიერთი კატეგორიის მიერ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების და მათი შესაძლებლობების გამოყენების ჩამორჩენას ნიშნავს.

რეზიუმე

წარმოების სტრუქტურა მუდმივად იცვლება სამეურნეო-ტექნიკური პროგრესის გავლენის გამო. თანამედროვე  მსოფლიო მეურნეობაში ხდება სტრუქტურული ცვლილებები, რაც ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დამყარებული დარგების ზრდასთან არის დაკავშირებული. მრავალეროვნული საწარმოების მიერ ბიზნესის წარმოების ახალი მეთოდების გამოყენების ზრდა საერთაშორისო შრომის დანაწილების გაღრმავებას უკავშირდება. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე ეტაპი განპირობებული იყო სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციით, რომელიც, წარმოებასთან ერთად, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, კავშირგაბმულობას, მედიცინას, განათლებას, საოჯახო მეურნეობებს მოიცავს.თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის შინაარსი კი ისაა, რომ მეცნიერება უშუალოდ საწარმოო ძალად გარდაიქმნა, ხოლო სამეცნიერო-ტექნიკური და საინფორმაციო პოტენციალი კონკურენტუნარიანობის გადამწყვეტი ფაქტორი გახდა. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის პირობებში ქვეყნების კონკურენტუნარიანობის გადამწყვეტი ფაქტორი ხდება მათი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი და საინფორმაციო რესურსები.

დღის წესრიგში დგას ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განვითარება. სწორედ ამ მიზნით ხდება წარმოების ტექნიკურად პროგრესული მეთოდების შემუშავება და დანერგვა. თანამედროვე ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორები არის ტექნოლოგიები, ხოლო ეკონომიკური ზრდის წყაროები − გამოგონებები და ნოვაციები. ინოვაციები საზოგადოების სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის რეალიზებაზეა მიმართული და მეცნიერებისა და ტექნიკის ეკონომიკურ გავლენას ახასიათებს. ტექნოლოგიური განვითარების უმაღლეს − ინოვაციურ საფეხურზე საწარმო, როგორც ტექნოლოგიური ლიდერი, გეგმავს, ამუშავებს და გამოცდის აბსოლუტურად ახალ პროდუქტებს და პროცესებს, ქმნის ახალ ტექნოლოგიებს.

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საფუძველია ცოდნის ზრდა. თანამედროვე მსოფლიო მეურნეობაში სწრაფი ტემპებით იზრდება ცოდნის ეკონომიკა. აქ თავმოყრილია ადამიანური, ინტელექტუალური და ფინანსური რესურსები. სამეცნიერო-ტექნიკურ და საინფორმაციო სფეროებში განვითარებული ქვეყნები ლიდერობენ, ახალი ინდუსტრიული ქვეყნები მნიშვნელოვან რესურსებს მიმართავენ ცოდნის ეკონომიკაში. დღეს მეცნიერება და ინოვაცია ქმნის ერთიან გლობალურ კომპლექსს, რომელშიც ახალი იდეები და აღმოჩენები, მიუხედავად შეზღუდვებისა და აკრძალვებისა, საკმაოდ სწრაფად ხდება მსოფლიო მეცნიერების საკუთრება და საყოველთაო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გაძლიერების ფაქტორი.

ეკონომიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობასთან ერთად, საზოგადოება და ბიზნესი ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას იღებს მომავალი თაობების წინაშე. მდგრადი განვითარების საზოგადოება „დღევანდელი მოთხოვნების დაკმაყოფილებით ეჭვქვეშ არ აყენებს მომავალ თაობათა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას“. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ. ეკონომიკური განვითარების თეორია, თბ., 2016.
  2. ასათიანი რ. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, თბილისი, 2017.
  3. გუროვა ი. მსოფლიო ეკონომიკა. სახელმძღვანელო, რუსულიდან თარგმნა პროფ. შ. ვეშაპიძემ. თბილისი, 2014.
  4. დვალიშვილი ლ. მეცნიერების და ინოვაციების გლობალიზაცია. Tsu p. guguSvilis saxelobis ekonomikis instituti, profesor giorgi wereTlis dabadebidan 65-e wlisTavisadmi miZRvnili saerTaSoriso samecniero konferenciis masalebis krebuli, ekonomikuri ganviTarebis struqturuli da inovaciuri problemebi, 23-24 ivnisi,  2017.  gv. 118-122.
  5. ვეშაპიძე შ., ასლამაზიშვილი ნ., გრიშიკაშვილი ა., ლეკაშვილი ე. მსოფლიო ეკონომიკა, თბილისი, 2008.
  6. ჟიზნინი ს., კრუპნოვა ვ. როგორ გახდე ბიზნესმენი (ამერიკული გამოცდილება), თბილისი, 1992.